არის თუ არა საქართველოში საწვავი ზედმეტად ძვირი

© DSNewsბენზინი
ბენზინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღეებში საქართველოში საწვავის ფასმა „რეკორდი დაამყარა“.

დღევანდელი მდგომარეობით, ზოგიერთი ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 2.65 ლარს მიაღწია. მართალია, ეს ფასი ყველაზე ძვირადღირებულ — „სუპერის“ მარკის საწვავს ეხება, მაგრამ არც დანარჩენი სახეობების გაძვირებაა ნაკლებად მასშტაბური. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი 2,20-დან 2,45 ლარამდე მერყეობს, დიზელის საწვავის ფასი კი დაახლოებით 2,20-2,50 ლარის ფარგლებშია.

როგორც ყოველი გაძვირების დროს ხდება ხოლმე, ამჯერადაც გაჩნდა მორიგი უკმაყოფილების ტალღა და განცხადებები, რომ „საქართველოში საწვავი უსამართლოდ ძვირი ღირს“. თუმცა, ცალკე საკითხია, რამდენია „სამართლიანი“ ფასი, რომელიც გამყიდველსაც დაუტოვებს მოგებას და არც მომხმარებელი იქნება უკმაყოფილო. როდესაც ქვეყანა საწვავის იმპორტიორია, მის შემომტანს კი არცთუ მცირე ხარჯი აქვს გასაწევი, ძნელია, მაგალითად, 1 ლარით იაფად გაყიდვა მოსთხოვო.

მანქანების ნაკადი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისელებმა ბენზინზე ფასების ზრდა გააპროტესტეს - ვიდეოკადრები აქციიდან

საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზები

თუ წინა წლებს გავიხსენებთ, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალა იყო, არ შეიძლება საწვავთან დაკავშირებით საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებაც არ გაგვახსენდეს — „საქართველოში გაყიდული ყოველი ლიტრი საწვავიდან 1 ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდის“. დღევანდელ სიტუაციაში კი „სად მიდის ერთი ლარი“ – ახალი ვარაუდების საფუძველი ხდება. თუმცა, ვარაუდებს და ჭორებს რომ არ ავყვეთ, ციფრები მოვიშველიოთ:

2008 წლის ივლისში 1 ბარელი ნავთობის ფასმა 145 დოლარს მიაღწია. ეს იყო ნავთობზე ისტორიულად რეკორდული ფასი. მაშინ საქართველოში 1 ლიტრი „სუპერის“ საცალო ფასს 2 ლარისთვის არ გადაუჭარბებია. თუ მაშინდელ დოლარის კურსს და აქაურ „სუპერის“ ფასს შევადარებთ, გამოდის, რომ 2008 წელს საქართველოში 1 ლიტრი „სუპერი“ დაახლოებით $1,35 ღირდა. დღეს 1 ბარელი ნავთობის საერთაშორისო ფასი $74-ია, საქართველოში კი ბენზინის მაქსიმალური ფასი, როგორც უკვე აღვნიშნეთ – 2,65 ლარი. დღევანდელი კურსით გამოდის, რომ 1 ლიტრი „სუპერი“ $1,08 ღირს. რომ შევადაროთ 2008 წელს, ახლა 1 ბარელი ნავთობი $71-ით იაფია, 1 ლიტრი „სუპერი“ კი 65 თეთრით ძვირი. დოლარებში კი ვხედავთ, რომ $0.27-ით გაიაფებული.

ბენზინგასამართი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
საწვავის ფასის ისტორიული მაქსიმუმი – მსოფლიო ბაზრის გამოძახილი თუ კარტელური გარიგება

გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნების წინა მდგომარეობაც, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საწვავის გაიაფებას ჰპირდებოდა ხალხს. 2012 წლის სექტემბერში 1 ბარელი ნავთობი $97 ღირდა, 1 ლიტრი „სუპერი“ საქართველოში 2,20 ლარად იყიდებოდა. ანუ, „ქართული ოცნების“ მოსვლამდე ნავთობი, ახლანდელთან შედარებით, $23-ით ძვირი ღირდა, 1 ლიტრი ბენზინი კი 44 თეთრით მაინც იაფი იყო.

საწვავის ასე გაძვირების რამდენიმე მარტივი მიზეზი არსებობს.

პირველი – ლარის გაუფასურება. 2008 წლის ივლისში 1 დოლარი 1,41 ლარი ღირდა, 2012 წლის ივლისში 1.64 ლარი. დღეს კი კურსი 2,45-ია. თუმცა, იმის გამო, რომ ლარი ბოლო წლებში საკმაოდ მერყევი ვალუტა გახდა და გასული წლის ნოემბერში 2,80 ლარს მიაღწია, იმპორტიორებს ასეთი კურსის გათვალისწინებაც უწევთ ფასებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის 1 იანვრიდან საწვავზე აქციზის მატება: ბენზინის შემთხვევაში ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე; გაზზე (1000 კუბურ მეტრზე) – 80-დან 200 ლარამდე. ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე. აქციზის ასეთმა მატებამ ბენზინი დამატებით დაახლოებით 25, დიზელის საწვავი კი 30 თეთრით გააძვირა.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საწვავის ფასები საქართველოში: ღირებულება და იმპორტის მოცულობა

საწვავის ფასები საქართველოში და უცხოეთში

როდესაც საქართველოში „უსამართლოდ ძვირ“ საწვავზე ლაპარაკობენ ხოლმე, საინტერესოა ფასების შედარება სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ფასებთან. პორტალ autotraveler.ru-ს მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. საკმაოდ მაღალი ფასია პორტუგალიაში, საბერძნეთში და საფრანგეთშიც (ფასები გადაყვანილია ლარებში).

საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში - Sputnik საქართველო
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში

 

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: „პრემიუმის“ ტიპის ბენზინის ფასი – 0,63 ევრო (დაახლოებით 1,80 ლარი), „სუპერის“ ტიპის ბენზინი – 0,71 ევრო (დაახლოებით 2,03 ლარი), დიზელის საწვავი – 0,61 ევრო (დაახლოებით 1,74 ლარი). საინტერესოა, რომ საწვავი რუსეთზე იაფია ბელარუსში. ევროპაში უფრო იაფი საწვავი, autotraveler.ru-ს მონაცემებით, არ არსებობს. პოსტსაბჭოთა ბელორუსში 1 ლიტრი „პრემიუმი“ 1,67 ლარის ეკვივალენტი ღირს, „სუპერი“ – 1,82 ლარი, ხოლო დიზელი კი 1,67 ლარი. საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძვირი საწვავი, ტრადიციულად, თურქეთშია.

საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში - Sputnik საქართველო
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში

ისიც გასაგებია, რომ არცთუ კორექტულია, დასავლეთის ქვეყნებში არსებული ფასები აქაურს შევადაროთ. გარდა იმისა, რომ იმ ქვეყნებში საწვავს გაცილებით მეტად ბეგრავენ, იქაური სიმდიდრეც გასათვალისწინებელია. სხვას რომ თავი დავანებოთ, მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით, თურქეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე $27,916-ია, როცა საქართველოში იგივე მაჩვენებელი $10,699-ს შეადგენს. ძვირი საწვავის მქონე ქვეყნის მაგალითად დასახელებული ნორვეგია კი სულაც ლიდერ ათეულში შედის ერთ სულ მოსახლეზე $60,978-ით… მაგრამ ეკონომიკას ასეთი მკაცრი კანონები აქვს და ამას ვერსად გაექცევი, თუ „სწორი“ სახელმწიფო გინდა.

ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური საქართველოში - Sputnik საქართველო
გაიაფდება თუ არა ბენზინი საქართველოში

რა რესურსი არსებობს დღევანდელ სიტუაციაში საწვავის გაიაფების? „სენტა პეტროლეუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე გასული წლის ბოლოს აცხადებდა, რომ თუ ხელისუფლება არ გაზრდიდა აქციზის განაკვეთებს და იმავდროულად ლარის კურსიც 2012 წლის მსგავსი იქნებოდა, საქართველოში საწვავი დაახლოებით 50 თეთრით იაფი ეღირებოდა. ასე რომ, მოცემულ სიტუაციაში თუ ხელისუფლება საწვავის გაიაფებას ისურვებს, ყველაზე მარტივი საქმე აქციზის 2017 წლამდე ნიშნულზე დაბრუნებაა. შეუძლიათ უფრო შორსაც წავიდნენ და კიდევ უფრო დასწიონ აქციზის განაკვეთები.

ასევე გაიაფების მნიშვნელოვანი რესურსია, თუ ლარი ძველ პოზიციებს დაიბრუნებს. რაც შეეხება კონკურენციის ზრდას და შედეგად ფასების დაწევას, იაკობიძე ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით კონკურენცია ისედაც საკმაოდ მაღალია და საბითუმო შემომტანები 1 ლიტრზე მაქსიმუმ 1-2 თეთრის მოგებაზე მუშაობენ. საცალოში მოგების მარჟა გაცილებით მაღალია, თუმცა, სხვადასხვა სადგურებზე ფასებიც განსხვავებულია და მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქციზის დაკლებას მოიფიქრებს და ბიუჯეტში ნაკლები შემოსავლის მიღებას დათანხმდება. ამასობაში ნავთობის საერთაშორისო ფასიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ისევ მატების გზას ადგას. შესაბამისად, ამ ეტაპზე და ამ პირობებში საწვავის გაიაფების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს.

თემურ იოსელიანი

 

ყველა ახალი ამბავი
0