თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, 2018 წლის მაისის მდგომარეობით, უცხოეთის სახელმწიფოების 530 მოქალაქე იმყოფება, აქედან 50 – ქალია, ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.
სულ საქართველოს საპატიმროებში სასჯელს 9,8 ათასი ადამიანი იხდის.
ყველაზე მეტი პატიმარი ქართულ ციხეებში თურქეთის მოქალაქეა – 130 ადამიანი, აქედან 53 ბრალდებულია, ხოლო 77 – მსჯავრდებული. მათგან რვა ქალია.
მეორე ადგილზე არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები – 90 ადამიანი. აქედან 29 ბრალდებულია, 61 – მსჯავრდებული, მათ შორის შვიდი – ქალი.
„ლიდერთა“ სამეულის ბოლო ადგილზე ირანის მოქალაქეები არიან – 69 ადამიანი, აქედან 28 ბრალდებულია, ხოლო 40 – მსჯავრდებული, ხუთი – ქალი და ერთი – არასრულწლოვანი.
საპატიმროებში არიან რუსეთის მოქალაქეებიც. რუსეთის 56 მოქალაქიდან 17 ბრალდებულია, ხოლო 39 – მსჯავრდებული, მათ შორის ხუთი – ქალია.
დაკავებულთა შორის არიან იტალიის, ავღანეთის, ჩინეთის, ჰოლანდიის, მექსიკის, ტაჯიკეთის, შვედეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.