თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში, რომელიც 10-17 აგვისტოს გაიმართება, შევიდა ქართველი რეჟისორის მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება", ნათქვამია ფესტივალის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფილმის რეჟისორია მარიამ გულბიანი — საქართველოს კინოცენტრის პროექტ „კინოსკოლის" გამარჯვებული. „კინოსკოლის" ფარგლებში საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის მოღვაწეობაზე გაეგოთ და თავად დაეწერათ სცენარები ფილმებისათვის.
ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება" ორი ქისტი გოგონას იმანისა და ევას ისტორიაა. მეგობრები პანკისის ხეობაში სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იმანი ცამეტი წლისაა, ევა — თორმეტის. ერთი წლის წინ მათი მამები სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ და იშვიათად უკავშირდებიან ოჯახებს. მშობლები ამაზე ჩურჩულით საუბრობენ. ერთადერთი მითქმა-მოთქმისგან თავისუფალი ადგილი გოგონებისათვის კინოს გაკვეთილებია, რომელსაც ისინი „კინოსკოლის" პროექტის ფარგლებში ესწრებიან.
ფილმი პანკისის ხეობაში გადაიღეს და სამი ქვეყნის — საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. როგორც კინოცენტრში აღნიშნავენ, თავად მარიამ გულბიანი — პანკისის ხეობის ერთ-ერთი აქტიური კინომისიონერია. გოგონა სიამოვნებით ჩაერთო პროექტში „კინოსკოლა" და ადგილობრივი მოსახლეობის კინოგანათლებას უწყობს ხელს.
სარაევოში ქართული ფილმის კონკურენტები დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნებიან სლოვაკი, უნგრელი, ბერძენი, ხორვატი, მაკედონიელი, ჰოლანდიელი, ავსტრიელი, იტალიელი, სერბი, თურქი და სხვა ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრები.
სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.
ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — „სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის.