პარლამენტმა ჭუბერში სამხედრო ძალების გამოყენებას მხარი ერთხმად დაუჭირა

© Sputnik / STRINGERწყალდიდობა სვანეთში
წყალდიდობა სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, დღეს პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. 91 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი —  საქართველოს  პარლამენტმა ჭუბერში, სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ  პრეზიდენტის ბრძანებას მხარი დაუჭირა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,  სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს  პარლამენტში დასამტკიცებლად.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა  მესტიის სოფელ ჭუბერში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით,  საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

სამხედროები თბილისის წყალდიდობის დროს 2015 წელს - Sputnik საქართველო
შემოდგომიდან სტიქიის დროს სამხედრო ძალის გამოყენება პარლამენტის ნებართვის გარეშე მოხდება

პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის   გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, დღეს პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნოემბრიდან ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვით, სტიქიასთან საბრძოლველად სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური ძალის გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვა საჭირო აღარ იქნება. ეს ცვლილებები არ შეეხება საგანგებო და საომარ მდგომარეობას.

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ადიდებულმა მდინარემ წაიღო სახლები. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. ადგილზე შესულია დამატებითი მძიმე ტექნიკა.

ყველა ახალი ამბავი
0