თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. პოლიციის დღისადმი მიძღვნილი სტრატეგიული თამაშის — „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულმა ბავშვებმა ერთი დღე საპატრულო პოლიციაში გაატარეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტრატეგიული თამაშის — „დააკავე დამნაშავე“ წესების მიხედვით, მოზარდები სპეციალური მინიშნებების მეშვეობით და სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულებით ეძებდნენ დამნაშავეს. თამაშის დასრულების შემდეგ გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„ბავშვებმა საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაცნობის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ უბნებში გადაინაცვლეს და ქვეით პატრულთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე „იზრუნეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, არასწრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და საპატრულო პოლიციის შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.