თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა შრომის უკანონო ექსპლუატაციის ბრალდებით ორი პირი — 61 წლის პ.მ და მისი მეუღლე, 59 წლის ა.მ. დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ საკუთარ შვილებს — 2010 წელს დაბადებულ გოგონებს ი.მ-ს და ა.მ.-ს..
აღნიშნული დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოწყალების თხოვნის პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს აძლევდა. „მუშაობის" გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში კი პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.