თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საბიუჯეტო ავიაკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი ქუთაისიდან დორტმუნდის (გერმანია) მიმართულებით შვიდი საათის დაგვიანებით გაფრინდა, განუცხადეს "Sputnik–საქართველოს“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ავიაკომპანია WizzAir-ის რეისი, რომელიც 06:10 საათზე იყო დაგეგმილი, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო შეყოვნდა.
„თვითფმრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა", — ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სკანდალი ქუთაისში – WizzAir-ის მგზავრები ბარსელონის რეისიდან მოხსნეს>>>
ავიაკომპანიის ინჟინრების მიერ თვითმფრინავის ტექნიკური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თვითფმრინავი მწყობრშია და რეისს ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს. რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, წინასწარი ინფორმაციით, ის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოიწვია, აღნიშნავენ აეროპორტში.
„თვითმფრინავი იმყოფებოდა ასაფრენ რეჟიმში, სიჩქარე საჰაერო ხომალდს უკვე აკრეფილი ჰქონდა, რა დროსაც სიჩქარის ერთ-ერთმა მაჩვენებელმა (თვითმფრინავს კი სიჩქარის რამდენიმე მაჩვენებელი გააჩნია) არასწორი მონაცემები დააფიქსირა. ეკიპაჟმა იმ წუთში მიიღო ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭებამ გამოიწვია კვამლი. ეს ინფორმაცია შემოწმების შედეგად WizzAir-ის ინჟინრებმა მოგვაწოდეს“, — განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა ედუარდ მნაცაკანიანმა.
ტექნიკური შემოწმების შემდეგ 12:00 საათზე დაგეგმილი თვითმფრინავის რეისი 40 წუთით კვლავ გადაიღო. საბოლოოდ, WizzAir-ის თვითმფრინავი ქუთაისიდან დორტმუნდში 13:35 საათზე გაფრინდა.