თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ხაშურში ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაპირისპირების მიზეზი, რომელიც 29 ივნისს მოხდა, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.