თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო 2005 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, იტყობინება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა გელაშვილის ცემა, მას შემდეგ, რაც 2005 წლის ივნისში გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში გელაშვილი აცხადებდა, რომ მას წაართვეს მისი კუთვნილი ქონება და აღშფოთებას გამოხატავდა ამის გამო. იმავე სტატიაში იგი შეურაცხმყოფელი ფორმით შეეხო სააკაშვილის პირად ცხოვრებას.
გამოძიების მტკიცებით, სააკაშვილის დავალება 2005 წლის 14 ივლისს შეასრულეს — გელაშვილს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და შეიარაღებული სპეცრაზმის თანამშრომლები გაუსწორდნენ.
შედეგად ვალერი გელაშვილმა ყბა-სახის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდა.