თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ქართული კინოს 110 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში 30 ივნისს გაიხსნება კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, იუწყებიან ორგანიზატორები.
საიუბილეო გამოფენაზე საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებული მხატვრული თუ ანიმაციური ფილმების ესკიზები, კინოპერსონაჟების კოსტიუმები, ფოტოები გადასაღები მოედნებიდან, ხმის ჩამწერი და გადასაღები ტექნიკა, იშვიათი კინოაფიშები და სხვ.
ექსპოზიცია 3 ივლისის ჩათვლით იმუშავებს 12:00-დან 18:00 საათამდე. გამოფენაზე შესვლა თავისუფალია.
მისამართი: დიღმის მასივი, IV კვარტალი, სანდრო ახმეტელის №10ა.
როგორც ცნობილია, პირველ ქართულ ფილმებად 1908-1912 წლებში ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის მიერ გადაღებული დოკუმენტური სურათები მიიჩნევა, რომელთაგან ვასილ ამაშუკელის ერთადერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912) ნაწილობრივაა შემონახული.