თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებსაც მართვის უფლებები 2006 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდში აქვთ მიღებული, საბუთით სარგებლობა კიდევ ცხრა თვის განმავლობაში შეუძლიათ.
საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები უკვე შეიტანა კანონში „მოძრაობის შესახებ“. ცვლილებების თანახმად, რომელსაც მხარი 150-დან 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, "C", "CE", "D", "DE", "C1", "C1E", "D1" და "D1E" კატეგორიების მძღოლებმა მართვის უფლებები, ნაცვლად მიმდინარე წლის 1 სექტემბრისა, 2019 წლის 1 მარტამდე უნდა გამოცვალონ.
მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ცვლილებები შევიდა კანონში, ისაა, რომ დარჩენილ მოკლე ხანში დიდი რაოდენობით მართვის უფლებების შეცვლა ფიზიკურად შეუძლებელია.
„დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა, ამათაგან 263 700 მართვის მოწმობას 2018 წლის 1 სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა. იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1 სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა“, — ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.
ცვლილებები ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერიდან მე-15 დღესა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა.