ბახტაძემ სტუდენტების დაფინანსების სისტემის შეცვლა გადაწყვიტა

© photo: courtesy of Government of Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაური განათლების სფეროს განვითარებას ამ ეტაპზე სტუდენტთა დაფინანსების სისტემის შეცვლაში ხედავს

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების გეგმებზე ესაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობა სამინისტროების საბოლოო რაოდენობაზე შეთანხმდა >>

ამჟამად საქართველოში შესაძლებელია 100%, 70% ან 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მიღება. სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას 21 სპეციალობით, მათ შორის არის ეკონომიკა, მათემატიკა, ფიზიკა, არქეოლოგია, ვეტერინარია, აგრონომია, მეცხოველეობა და სხვ.

„ჩვენ ვაპირებთ, დავხვეწოთ დაფინანსების არსებული სისტემა, რომელსაც სტუდენტებს ვთავაზობთ და შემოვიტანთ კომპონენტებს, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს სტუდენტს, აირჩიოს პროფესია, უნივერსიტეტი ან სასწავლებელი, სადაც სწავლის გაგრძელება სურს. ვფიქრობთ, ეს არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად ადმინისტრაციული ბერკეტებით ჩაკეტილი, ვინაიდან სწორედ თავისუფალმა არჩევანმა უნდა განაპირობოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო მაღალკვალიფიციური სწავლების მეთოდები ჩვენს სასწავლებლებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული ტექნიკური პროფესიები იქნება.

„ჩვენ გვჭირდება ყველა პროფესია, მაგრამ განსაკუთრებით – ტექნიკური მიმართულებები… ყველა ჩვენგანი განსაკუთრებული ინდივიდია.  გვაქვს სხვადასხვა საგნებში ნიჭი და საბოლოო ჯამში თითოეულმა ახალგაზრდამ თავად უნდა აირჩიოს, რომელ სფეროში შეძლებს თავისი ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციას. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი პროფესიების განვითარებას, რომელშიც, დარწმუნებული ვართ, 21-ე საუკუნეში იქნება მუდმივად მაღალი მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის ნიჭი ასეთი პროფესიების დაუფლებისა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ განათლების დონის მთავარი კრიტერიუმი შემდგომი დასაქმება იქნება.

„ჩვენ ვიქნებით წარმატებულები იმ შემთხვევაში, თუ როგორც სწავლის პერიოდში, ისე – შემდეგ ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ღირსეულ სამუშაო ადგილზე. ეს უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შევაფასოთ რეფორმის წარმატება“, — განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერი ახალგაზრდობას ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეხვდა.

რატომ ერთიანდება განათლება, კულტურა და სპორტი ერთ უწყებად >>

ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე 20 ივნისს დაინიშნა. თავისი საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებად მან ეკონომიკის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა დაასახელა და ამ მიმართულებით უამრავი რეფორმის გატარება დააანონსა. გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მან განათლების სფეროს განვითარება დაასახელა.


ყველა ახალი ამბავი
0