რუსთავი–თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ გაფიცულებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ყოველდღიური გეგმიური გადასახადის შემცირებას ითხოვენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გადამზიდავი კომპანია „ინტერტრანსის" კუთვნილი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებსაც მგზავრები რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით გადაჰყავთ, რეისებს არ ასრულებენ.

მძღოლების განმარტებით, მათ გარკვეული მოთხოვნები აქვთ კომპანიის ხელმძღვანელობასთან. კერძოდ, ისინი „ინტერტრანსს" ყოველდღე 70 ლარს უხდიან და ითხოვენ ამ თანხის 20 ლარით შემცირებას, რადგან ზაფხულში მგზავრების რაოდენობა იკლებს და, შესაბამისად, ვერ ახერხებენ გეგმის შესრულებას. 

მეტროსადგური - Sputnik საქართველო
რა დაუჯდა თბილისის მერიას მეტროს გაფიცვა

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც ადმინისტაციამ ყველა მიკროავტობუსი გააჩერა და ავტოსადგომზე გადაიყვანა.

მძღოლები ამტკიცებენ, რომ რუსთავი–თბილისის ხაზზე მომუშავე ყვითელი მიკროავტობუსების დიდ ნაწილში გაგრილების სისტემა გაუმართავია და შეკეთებას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ, კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში კი ხარჯები კიდევ უფრო იზრდება.

გაფიცულები აღნიშნულ სამარშრუტო ხაზზე დღეს დამატებული 22 მიკროავტობუსის მოხსნასაც ითხოვენ.

„ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ კომპანია ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო მძღოლებისთვის შეღავათს აწესებს და მათ გადასახადს მნიშვნელოვნად უმცირებს. წელს შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისიდან შედის.

შპს „ინტერტრანსმა" რუსთავი–თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში 2014 წელს გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0