მიკროავტობუსების მგზავრთა საყურადღებოდ: თუ კონდიციონერს არ ჩართავს მძღოლი, მაშინ...

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ზაფხულის სეზონზე სამარშრუტო ტაქსებში გაგრილების სისტემა თუ არ იქნება ჩართული, სატრანსპორტო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" მგზავრებს მოუწოდებს „ცხელ ხაზზე“ დარეკონ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მიკროავტობუსებში კონდიცირებასთან დაკავშირებით „თბილისის მიკროავტობუსთან" მოლაპარაკებების დაწყება შესაბამის საქალაქო სამსახურებს 16 მაისს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა. 

კალაძე: მოაწესრიგეთ სამარშრუტო ტაქსები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილება შეეძლოთ>>>

სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდიცირების არარსებობის პრობლემა ყოველ წელს ჩნდება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მგზავრობის საფასური გაიზარდა მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნის საბაბით, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა. მძღოლები ხშირად ამბობენ უარს კონდიციონერის ჩართვაზე და ხან იმას იმიზეზებენ, რომ კონდიციონერი არ მუშაობს, ხან კი იმას, რომ საწვავის ეკონომიას აკეთებენ.

„თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით განკარგულება ძალაში 25 ივნისიდან შევიდა.

ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები არასწორ ადგილზე გაჩერებისთვის დაჯარიმდებიან

კომპანიის მიერ სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემების შემოწმება, რომლის ფარგლებშიც მოხდა სისტემის შეკეთება-გამოცვლა, უკვე დასრულებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტიდან „თბილისის მიკროავტობუსის" მიერ კონდიცირების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის 480 ათასი ლარი დაიხარჯა.

"მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდიციონერი მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი, რომელთა მიმართაც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, კომპანიის მიერ დამატებით იქნებიან წახალისებული და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმურ გადასახადს.

მგზავრებს პრეტენზიების დაფიქსირება შეუძლიათ საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე 032 220-03-40.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1800 მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

მგზავრთა გადაყვანას თბილისში 2011 წლიდან კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0