თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში დღეს პირველად გარბენი „თბილისი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიიღო, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარბენი, რომლის ინიციატორი თბილისის მერიაა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.
გარბენმა „თბილისმა“ სტარტი დღეს დილით ვაკის პარკიდან აიღო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ მოსახლეობას შევთავაზებთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, რომ ყველა ადამიანს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ამდენი ხალხი მოვიდა, ყველა თაობის წარმომადგენელი. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსახლეობას კიდევ სხვა სახის სპორტულ ღონისძიებებსაც შევთავაზებთ“, — განაცხადა კახა კალაძემ.
გარბენში რიგით მოქალაქეებთან ერთად ჩართულები იყვნენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და პროფესიონალი სპორტსმენები.
მარათონის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის ცენტრში შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს. შეზღუდვა დღეს, 14:00 საათზე მოიხსნება.