თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის 59 წლის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული საზღვარზე დააკავეს. იგი რუსეთის მიმართულებით ცდილობდა საქართველოს საზღვრის გადაკვეთას.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავემ ქარელში უკანონოდ შეიძინა 27 წლის მამაკაცის სახელზე რეგისტრირებული „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც რუსეთში რეალიზების მიზნით საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, 18-236-ე და 19-214-ე მუხლების მეოთხე ნაწილებით („ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- გადაზიდვა“, „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მომზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანის მცდელობა“), რაც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.