სოფლის მეურნეობის უფასო აგრო-ბაზარი „მამული“ ქართველი ფერმერებისთვის

© courtesy of Giorgi Bekoshviliმინდორი
მინდორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის ელექტრონული ბაზრის – „მამულის“ შესახებ მომზადებული მასალა საინტერესო იქნება აგრარულ სფეროში დასაქმებულთათვის, რადგან მისი სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ფერმერსა და აგროპროდუქტების მწარმოებელ ორგანიზაციას უფასოდ შეუძლია.

თუ რას წარმოადგენს „მამული“ და რა სახის დახმარება შეუძლია მას გაუწიოს მომხმარებელს, ამის შესახებ გიორგი ბეკოშვილს გავესაუბრეთ. მან ბიზნესის ადმინისტრირება–მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა, ამჟამად მარკეტინგის მაგისტრანტი გახლავთ და „მამულის“ გახსნის იდეაც მას ეკუთვნის.

© photo: courtesy of Giorgi Bekoshviliგიორგი ბეკოშვილი
გიორგი ბეკოშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი ბეკოშვილი

– გიორგი, რას წარმოადგენს ელექტრონული აგრო-ბაზარი „მამული“?

— ეს არის სოფლის მეურნეობის უფასო, ელექტრონული ბაზარი, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ და გაყიდოთ თქვენი აგროპროდუქტი, ან მოიძიოთ და შეიძინოთ იგი პირდაპირ ფერმერისგან. „მამული“ წარმოადგენს აგრარულ ბაზარს, რომელიც ნებისმიერ აგროპროდუქტებისა და აგრომომსახურების მწარმოებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ განათავსოს საკუთარი პროდუქტი ჩვენ ვებ-გვერდზე და გახადოს უფრო მეტად ხილვადი. ჩემი პარტნიორი გახლავთ ბიზნესის ადმინისტრირება- მენეჯმენტის მაგისტრანტი მარი ნადირაძე. ჩვენთან  ნებისმიერ აგროპროდუქტითა და აგრომომსახურებით დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება მოძებნოს სასურველი პროდუქტი დეტალური ფილტრაციის გამოყენებით. ისეთი პარამეტრებით, როგორებიცაა მდებარეობა, პროდუქტის ტიპი, ფერი, მიტანის სერვისი, გადახდის პირობა და სხვა. მსურველს ეძლევა შესაძლებლობა შეავსოს საკუთარ პროფილზე თავისი ინფორმაცია და საკუთარი თავის თუ კომპანიის პრომოუშენიც აწარმოოს. ეს გახლავთ ორი მთავარი მიზანი, რის მიღწევაშიც „მამული“ ფერმერებს დაეხმარება.

© photo: courtesy of Giorgi Bekoshviliსიმინდის ყანა
სიმინდის ყანა - Sputnik საქართველო
სიმინდის ყანა

– ამ დროისთვის რამდენი ქართველი ფერმერი თუ ორგანიზაცია გამოგეხმაურათ და რამდენი სარგებლობს „მამულის“ სერვისით?

— კომუნიკაცია ჯერჯერობით შემოიფარგლება სოციალურ ქსელებში განხორციელებული ორგანული ძალისხმევით, ანუ ფასიანი რეკლამის გარეშე წარმოებული საინფორმაციო მოწოდებებით. რასაც, წესით, მნიშვნელოვანი შედეგები არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ვცდებოდი, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ბევრმა მოგვწერა და გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. ყოველ შემთხვევაში, იდეა ყველამ მოიწონა. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვებ-გვერდზე განთავსებულ აგრო-პროდუქტებში არ ასახულა, თუმცა ამ საკითხს პოზიტიურად ვუყურებთ, რადგან ვებ-გვერდის ცნობადობის დონე ჯერ არც ისე მაღალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად გაიზრდება.

© photo: courtesy of Giorgi Bekoshviliგიორგი ბეკოშვილი და მისი ვებ-გვერდი "მამული"
გიორგი ბეკოშვილი და მისი ვებ-გვერდი მამული - Sputnik საქართველო
გიორგი ბეკოშვილი და მისი ვებ-გვერდი "მამული"

– თქვენ ამ სფეროში ზოგად ინფორმაციას ფლობთ და საინტერესოა, რა სახის ცოცხალ პროდუქტს სთავაზობენ ქართველი ფერმერები მომხმარებელს?

— ყველა სახის ცოცხალი პროდუქტია, რასაც ქართველი ფერმერები სთავაზობენ მომხმარებელს, მაგრამ მათგან, ჩემი აზრით, მეცხოველეობა სარგებლობს პოპულარულობით. ასევე აქტუალურია სასათბურე მეურნეობა, სადაც ლიდერობს ისეთი პროდუქტი, როგორიცაა მარწყვი. ჩემი ინფორმირებულობის მასშტაბებს თუ დავეყრდნობით, კაკლოვანი მცენარეებიც (თხილი, ნუში, კაკალი) საკმაოდ მიმზიდველია ქართველი ფერმერებისთვის. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სეზონის გათვალისწინებით, მარწყვზე, ჟოლოზე და მსგავს კენკროვან მცენარეებზეა მაღალი მოთხოვნა, რადგან რამდენჯერმე შევხვდი ამ პროდუქტების ბაზარზე არსებობის შესახებ კითხვებს. ამის საპირისპიროდ, ერთწლიანი კულტურები უფრო არამიმზიდველია და მათი ფასიც საკმაოდ არასტაბილური.

– რომელ ქართულ პროდუქტზეა მოთხოვნა უცხოეთის ბაზარზე, ამის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

— უცხოურ ბაზარზე, განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში, დიდი მოთხოვნით სარგებლობს ქართული ცხვრის ხორცი — ამას მოწმობს ქართულ ბაზარზე მისი ფასის მკვეთრი ზრდა. დაახლოებით ორი წლის წინ აგრარულ ბაზრებში მისი ფასი 8–9 ლარი იყო. იმის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არაბული ქვეყნები დაინტერესდნენ ქართული ცხვრის ხორცით, ფასი გაიზარდა და ახლა ის 15-17ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, იქ დიდი მოთხოვნაა ქართულ კენკრაზე და თხილზე. ხოლო ქართული ღვინის მაღალი ცნობადობა და მისი საერთაშორისო ჯილდოები ხომ არავისთვისაა ახალი.

© photo: courtesy of Giorgi Bekoshviliგიორგი ბეკოშვილი და მისი ვებ-გვერდი "მამული"
გიორგი ბეკოშვილი და მისი ვებ-გვერდი მამული - Sputnik საქართველო
გიორგი ბეკოშვილი და მისი ვებ-გვერდი "მამული"

– რა პრობლემებს აწყდება ყველაზე ხშირად ქართველი ფერმერი?

— ორი, საკმაოდ სოლიდური წყაროს თანახმად, რომელთაგან პირველია — საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ევროკავშირი საქართველოსთვის და მეორე — საქართველოს ფერმერთა II კონგრესის დეკლარაცია, ქართველი ფერმერები აწყდებიან რამდენიმე მნიშვნელოვანი სახის პრობლემას, მაგალითად, საფინანსო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კანონმდებლობასთან, გასაღების ბაზრებსა და შუამავლებთან, ბიზნესის მართვასთან. მარკეტინგთან და ფინანსებთან დაკავშირებული ცოდნის დეფიციტია. ამ ყველაფერს კი მივყავართ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სირთულეებამდე, რადგან ის მხარეები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ზემოხსენებული პრობლემების აღმოფხვრას, არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ. ამიტომ როდესაც სამაგისტრო ნაშრომისთვის მეორადი კვლევის სახით აღნიშნულ წყაროებს ვეცნობოდი, კიდევ ერთხელ გამყარდა „მამულის“ საჭიროების შესახებ იდეა, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კარგი საშუალება გახდეს. თანაც, ინტერნეტი პრაქტიკულად ქვეყნის უდიდეს ნაწილს აერთიანებს და მათ შორის უმრავლესობა სწორედ აგრარული სფეროთია დაინტერესებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0