თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2018-ზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Tbilisi Open Air-2018 სტარტს დღეს, 22 ივნისს აიღებს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს მუსიკის სამი დღე, ოთხი სცენა (Main Stage, Night Stage, Golden Stage, Private Bay Stage) და სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი მუსიკოსი ელოდებათ.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, ავტობუსები 14:00-დან 01:00 საათამდე პერიოდში მეტროს სადგურ „დელისიდან" ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით „ლისი ვანდერლენდამდე" და უკან 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.
ფესტივალის გახსნის დღეს სცენაზე პირველი რეზო კიკნაძის ჯაზ-კვინტეტი (Reso Kiknadze Quintet) 16:00 საათზე წარდგება.
მთავარ სცენაზე 18:00-დან 23:00 საათამდე გამოვლენ მუსიკოსები Che Lingo, Eko & Vinda Folio, Toyshen, Slimka, Beardyman და KayaKata.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას თავისებურ ხიბლს შემატებს ირანულ-დანიური წარმოშობის მომღერალი Sevda Alizadeh, რომელიც უფრო ცნობილია სახელით Sevdaliza.
დანარჩენ ორ სცენაზე კი წარდგებიან Cleveland, Roman Flügell, Autumn Tree [LEON], Gio Shengelia, Vako T b2b Mzhavia, Avalon, Fungus Funk, Katana, Acidwave და Ritmo.
დანარჩენი ორი დღის განმავლობაში Lisi Wonderland-ში (ლისის ტბასთან ახლოს) მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართველი შემსრულებელი Salio, ბრიტანელი შემსრულებელი Tom Odell და სხვები.
ორგანიზატორების სიტყვებით, წელს ძირითადი აქცენტი ქართველ შემსრულებლებზე კეთდება.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთებისა და აბონემენტების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ვებ-გვერდზე tkt.ge.
ფესტივალი Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ ხნის განმავლობაში მის სცენაზე უმღერიათ ისეთ საყოველთაოდ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიც არიან ზემფირა, ჯგუფი „ლენინგრადი", ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.