თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების თავდამსხმელმა და ესპანური საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "რეალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში იდაყვი დაიზიანა.
მიუხედავად მიღებული ტრავმისა, თავდამსხმელი მოედანზე მეოთხე მეოთხედში დაბრუნდა, მაგრამ „ბასკონიამ" გამარჯვება ვერ შეძლო. მადრიდის "რეალმა" მეოთხე მატჩი წარმატებით 96:85 დაასრულა, მოიგო სერია 3:1 და 34-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
შენგელიამ მოედანზე მთლიანობაში დაახლოებით 27 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში მოიპოვა 16 ქულა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „რეალის" თავდამსხმელი რუდი ფერნანდესი გახდა, რომელმაც აქტივშიც 27 ქულა ჩაიწერა.
ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ჩემპიონი გახდა>>>
თუ შენგელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება, კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატი 2019-ის შესარჩევი ორი დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
ილიას ზუროსის ქვეშევრდომები 29 ივნისს სერბეთის, 2 ივლისს კი ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ორივე მატჩი თბილისის „სპორტის სასახლეში" გაიმართება.