თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისამდე თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოზე დაყრდნობით.
გასულ წელს სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბნებში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის თქმით, შხამიანი გველები ძირითადად ორთაჭალის, კრწანისის, ფონიჭალის რაიონებში, ასევე აფრიკისა და აეროპორტის დასახლებების ტერიტორიებზე გვხვდება.
თბილისში გველები მომრავლდა: მაისში ასი ქვეწარმავალია დაჭერილი>>>
რაც შეეხება დედაქალაქში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს გიურზის დაჭერის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.