„დაიკიდე“ – შეტყობინება ქალბატონებისთვის

© FB / Shabaშაბას სტენდი 26 მაისს
შაბას სტენდი 26 მაისს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თათია გველესიანი პროფესიით არქიტექტორია. თუმცა ბავშვობიდან იტაცებდა სხვადასხვა დიზაინით ნივთების შექმნა, კერვა. ამიტომ გადაწყვიტა გატაცება შემოსავლის წყაროდ ექცია და ჩანთების ბრენდი „შაბა“ შექმნა.

თათიას მიერ შექმნილი სადა, ორიგინალური და კომფორტული ჩანთები ქართველმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო და მოიწონა, შესაბამისად, ამან ბრენდის პოპულარობაც განაპირობა.

© photo: courtesy of Shabaთათია გველესიანი
თათია გველესიანი - Sputnik საქართველო
თათია გველესიანი

— ჩანთების წარმოებას საფუძვლად უდევს დიდი სურვილი – ადამიანებმა სულ ცოტათი მეტად  ვიზრუნოთ გარემოზე. საქმე ისაა, რომ ყოველდღიურად ძალიან დიდი რაოდენობის პოლიეთილენს მოვიხმართ. ჩვენი გამოყენებული ცელოფნის პარკები კი შემდეგ, რატომღაც, ჰაერში დაფრინავენ. ერთხელ ოჯახური შეკრებისას ვსაუბრობდით, რატომ არ შეიძლება ნაჭრის ჩანთა გამოვიყენოთ პოლიეთილენის პარკის ნაცვლად?— ამ იდეამ წარმოშვა ჩვენი ბრენდი.

© FB / Shabaშაბას წინდები
შაბას წინდები - Sputnik საქართველო
შაბას წინდები

– პირველი მოდელები გაიხსენეთ, გაამართლა  მოლოდინი?

— პირველ მოდელებზე, სხვათა შორის, ბევრი ვიწვალეთ. გვინდოდა თითოეული ჩანთა მაქსიმალურად ორიგინალური და ლამაზი ყოფილიყო. ახლა როცა ვათვალიერებ ძველ ფოტოებს, ჩანთებზე ფაქტიურად ხელოვნების ნიმუში ნახატები დაგვიხატავს, რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან იაფად გავყიდეთ. თავიდან ცოტა რთული იყო, რადგან ნაჭრის ჩანთები ჯერ აქტუალური არ იყო. უკვე მეოთხე წელია „შაბას“ ვაკეთებთ, ბევრი კონკურენტი გამოჩნდა, ბევრმა დააფასა ნაჭრის ჩანთის კომფორტი და ვთვლით, რომ ჩვენმა პატარა წამოწყებამ — პოპულარული გაგვეხადა ნაჭრის ჩანთები, გაამართლა.

© FB / Shabaშაბას ჩანთა
შაბას ჩანთა - Sputnik საქართველო
შაბას ჩანთა

– მარტო უძღვებით ამ საქმეს?

— „შაბა“ ოჯახური ბიზნესია, შესაბამისად, ბევრი ენთუზიაზმით სავსე ადამიანის სიყვარული და მონდომება დევს ჩვენ ნივთებში. პოპულარობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად მოვიდა. ახლა ქუჩაში ჩვენი ჩანთით ან წინდებით ვინმეს თუ დავინახავ, გული სიამაყით მევსება, რომ ბევრისთვის მოსაწონ სიყვარულით სავსე საქმეს ვაკეთებთ.

– რამდენად პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელია ნაჭრის ჩანთა?

— მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქტი მომხმარებელს მოვარგოთ, იყოს კომფორტული და, რაც მთავარია, გამძლე. ამიტომ ყოველი ახალი ნივთის დამატებისას მას ჯერ ჩვენ ვტესტავთ და შემდეგ გაგვაქვს ბაზარზე. სხვათა შორის, ოთხი წლის წინ შეკერილი ჩანთა დღესაც თამამად დამაქვს ყოველდღე.

 

– ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩანთამ წარწერით „დაიკიდე“. რაიმე ისტორიას უკავშირდება ეს წარწერა?

— „შაბას“ პროდუქტზე მუშაობისას გვინდოდა, რომ ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ნივთები გვქონოდა, რასაც მომხმარებელი სხვაგან ვერ ნახავდა. ერთ-ერთი ბრეინშტორმინგის დროს, როდესაც ჩანთების დიზაინზე ვმუშაობდით, გაიჟღერა სიტყვამ „დაიკიდე“. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხომ ხშირად ვხმარობთ ტერმინს „დაიკიდე“. სხვათა შორის, შედეგმა არ დააყოვნა და აგერ უკვე მესამე წელია „დაიკიდე“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია ჩვენ პროდუქციაში.

© FB / Shabaშაბას ჩანთა
შაბას ჩანთა - Sputnik საქართველო
შაბას ჩანთა

– ალბათ თქვენც ხშირად იწონებთ თავს საკუთარი ჩანთებით…

—  თუ შენ თვითონ არ ხარ შენი პროდუქტის მომხმარებელი, სხვას ვერ მოსთხოვ შეგიყვაროს. ამიტომ ხშირად ვიწონებთ თავს ჩვენი ჩანთებით და ასევე წინდებით, რომლებიც „შაბას“ შექმნიდან ძალიან მალე დავამატეთ. უკვე ერთი წელია, რაც აქტიურად ვაკეთებთ და, სხვათა შორის, წინდაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. წინდების შემთხვევაშიც ჩვენი ორიგინალური სტილი გვაქვს და, მაგალითად, წინდა წარწერით „ამ ჩემს ფეხებს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

© photo: courtesy of Shabaშაბას ჩანთა
შაბას ჩანთა - Sputnik საქართველო
შაბას ჩანთა

– მხოლოდ საქართველოში იყიდება თქვენი პროდუქცია, თუ საზღვარგარეთაც გაგაქვთ?

— ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, ახლა ვმუშაობთ საერთაშორისო პლატფორმაზე Etsy.com-ზე ჩვენი პროდუქტის განთავსების საკითხზე.

— როგორ ფიქრობთ, შესაბამისად და სათანადოდ ფასობს საქართველოში ქართული ნაწარმი?

— მგონია, რომ თანდათან უფრო მეტად ფასდება ქართული ნაწარმი, რაც ძალიან კარგია. ამას ისიც მიუთითებს, რომ ქართული ნაწარმის მწარმოებელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, ეს კი სასიხარულო ამბავია. როცა რაიმე საქმეს იწყებ, გულის სიღრმეში მაინც გჯერა, რომ წარმატებული აღმოჩნდება.

© FB / Shabaშაბას ჩანთა
შაბას ჩანთა - Sputnik საქართველო
შაბას ჩანთა

 

– როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

— პირველ რიგში საკუთარი იდეის სიყვარული, შემდეგ მოქმედება, რომ იდეას ხორცი შეასხა და, რაც მთავარია, უნიკალურობა. ყოველთვის უნდა იფიქრო — რით ხარ უნიკალური და სხვებისგან გამორჩეული, რატომ უნდა შეგიყვაროს მომხმარებელმა? ხშირად უნდა დასვა კითხვა — რატომ?

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— სამომავლოდ ვფიქრობთ ახალი ნივთების დამატებას, რომლებიც ასევე კრეატიული და ორიგინალური იქნება. გვინდა, რომ საბოლოო ჯამში საერთაშორისო ბაზარზეც გავყიდოთ ჩვენი ნაწარმი და ჩვენი სიტყვა ვთქვათ ამ მიმართულებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0