საფრანგეთში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს ჩვენმა ახალგაზრდებმა-24:22 დაამარცხეს იაპონიის ნაკრები, მომავალ ჩემპიონატში ადგილიც დაიბევეს და რაც მთავარია, საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე იაპონელები 22:12 იგებდნენ, თან კაცნაკლულები ვიყავით. თითქოს განწირულები ვჩანდით, თუმცა ასე სულაც არ ფიქრობდნენ პატარა „ბორჯღალოსნები“, ჯერ დემე თაფლაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძემ მართალია გარდასახვა გააცუდა, მაგრამ სულ მალე თედო აბჟანდაძის გარღვევა მორიგი და გამარჯვების მომტანი ლელოთი დააგვირგვინა.
დღეს, გვიან, მეცხრე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიელებს ხვდებიან. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა, ჩვენმა ჭაბუკებმა დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულეს. იქნებ ვინმემ თქვას ათეულში მოხვედრა ასე რატომ გვიხარიაო და შესაძლოა მართალიც იყოს, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვაა. ეს ყმაწვილები, უფროსთა ნაკრებისგან განსხვავებით, უფრო თანამედროვე რაგბს თამაშობენ, არცერთ მეტოქესთან უშანსოდ არ ყოფილან და ჩემი აზრით სწორედ ესენი იქნებიან ვინც იმ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს „ბობოლა“ ქვეყნებს სათავისოდ რომ აქვთ შემოფარგლული. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საუკეთესო მბოჭავების სიას თორნიკე ჯალაღონია უდგას სათავეში (61 ბოჭვა 4 თამაშში), სხვადასხვა კომპონენტებში გამორჩეულთა შორის არიან გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და დემე თაფლაძე.
ახალგაზრდების წარმატების ფონზე ცოტა გულდასაწყვეტი იყო ოკეანეთის თასზე უფროსების მარცხი ფიჯისთან. მოგებული პირველი ტაიმის მერე გუნდს რაღაც დაემართა, შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ, მეორე ტაიმში ქულა ვერ აიღეს და საბოლოოდ 15:37 დამარცხდნენ. ფიჯისთან წაგება სულაც არ არის სამარცხვინო, ეს გუნდი რეიტინგშიც ჩვენზე წინაა და უფრო სახელიანიცაა. ცუდი ის იყო, რომ მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები ათიოდე წლის წინანდელ გუნდს გავდა, როცა ჩვენზე უკეთესებთან უშანსოდ აგებდა. მსოფლიოს თასამდე დრო კიდევ არის და ეს ჩავარდნა მინდა შემთხვევითობას მივაწერო.
14 ივნისს მოსკოვში „ლუჟნიკების“ სტადიონზე ოფიციალურად გაიხსნა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი. ბოლო პერიოდის ამ რანგის ღონისძიებებისგან განსხვავებით, ცერემონიალი ნაკლებად პომპეზური, სადა და წმინდა საფეხბურთო ჩარჩოებს მორგებული მეჩვენა. როგორც წესი, პირველ შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ატარებს. უღიმღამოდ ჩატარებული ბოლო ამხანაგური შეხვედრებიდან გამომდინარე, ბევრი არც აქ ელოდა სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდისგან ვარსკვლავების მოწყვეტას, ვარსკვლავების რა მოგახსენოთ, მაგრამ გახსნით მატჩში ხუთმა გატანილმა გოლმა (თუნდაც სუსტ საუდის არაბეთთან) ჩემპიონატის პირველი დღე უდავოდ დაამშვენა.
მეორე დღეს ურუგვაი-ეგვიპტის შეხვედრამ გამოაჩინა, რომ მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. არც კავანი-სუარესის ვარსკვლავური დუეტი ბრწყინავს დიდად და არც მოჰამედ სალაჰს უნდა ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომ ფარაონების ქვეყნის მიძინებული ნაკრები გამოაღვიძოს. მეორე სათამაშო დღეს სავარაუდო ფავორიტებიც ჩაერთენ საქმეში, ესპანეთი-პორტუგალია კარგი თამაში გამოვიდა, იყო დაძაბულობა, კარგი ოსტატობა და ბლომად გოლები (3:3). კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ლიდერის როლი გადამწყვეტი თუ არა უმნიშვნელოვანესია. საფეხბურთო ვარსკვლავებით „გაძეძგილმა“ აღმოსავლეთ პირინეელებმა ვერაფერი მოუხერხეს ერთ კინკილა ვარსკვლავიან მეზობელს, რადგან იმ „კინკილას“ კრისტიანო რონალდო ჰქვია და დღეს საფეხბურთო ოლიმპზე ზიარად კი დგას, მაგრამ ჩემპიონატზე სამჯერ უკვე „დაიქუხა“.
ამ ოლიმპზე რონალდოს მოზიარე, ლეო მესიმ და მისმა არგენტინამ კი აშკარად გაუცრუეს იმედები ქომაგებს. პრესაში ქებას არ იშურებენ ისლანდიელი ფეხბურთელების მისამართით, რომლებმაც ისტორიული ქულა აიღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა მე ამ ქებას ვერ გავიზიარებ, ვინაიდან არასოდეს მომწონდა გუნდები, რომელთა მთავარი მიზანი ფეხბურთის „მოკვლაა“. სკანდინავიიდან გაქცეული ვიკინგების შთამომავლები 90 წუთის მანძილზე ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ არგენტინელებს ფეხბურთი არ ეთამაშათ. ყველაფრის ისლანდიელებზე გადაბრალებაც არ იქნება სწორი, უღიმღამო თამაშის მთავარი „შემოქმედი“ ჩემი აზრით სამხრეთელთა მწვრთნელი ხორხე სამპაოლია, ვერაფრით მიმხვდარვარ რა ნიშნით ჩაუყენეს ეს კაცი სათავეში საუცხოო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს, დავიჯერო მსოფლიოს ჩემპიონატი ექსპერიმენტების ადგილია? რატომ შეუცვალა ფუნქცია სალვიოს, რა ნიშნით არ ათამაშა საიმედო მცველი ფაციო, ან რას ერჩის ამომავალ (თუ უკვე ამოსულ) ვარსკვლავ დიბალას, ჩემთვის გაუგებარია. ნათქვამია, კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმში იცნობაო, სანპაოლის ეტყობა ეს არ გაუგია. მოკლედ, თუ არგენტინამ ამ ჩემპიონატში ვერაფერს მიაღწია, ამაში მისი „დამსახურებაც“ იქნება.
სპეციალისტთა აზრით, საფრანგეთი ჩემპიონობის ერთერთი ფავორიტია, გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული, არც ერთ რგოლში არ განიცდის კარგი ფეხბურთელების ნაკლებობას, ასარჩევადაც აქვს საქმე, მაგრამ პირველმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ გალებს „მთავარი მამალი“ არ ჰყავთ, წინამძღოლის ფუნქციას ვერც ანტუან გრიზმანი „ქაჩავს“ და ჯერ ვერც პოლ პოგბა, თუმცა, ისე რა ავსტრალიის დამარცხებაში ორივემ გამოიჩინა თავი(2:1).
სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევი ხორვატების კარგად ორგანიზებული გუნდის გამარჯვებაა ნიგერიასთან(2:0). ხოლო პერუმ და დანიამ დიდად ვერ დამამახსოვრეს თავი(1:0).
რუსეთში საფეხბურთო ზეიმი ახალი დაწყებულია, მთავარი ბრძოლები წინაა, ძირითადი ფავორიტები ჯგუფური ეტაპის მერე გამოიკვეთებიან. ჩვენც დაველოდოთ და ვისიამოვნოთ საუცხოო სანახაობით.