თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სოფელ წინანდალში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა გიორგი ლუარსაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მის საკუთარ მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის ახალი ტრაქტორის, სენსორული ვერტიკალური ფრეზის და შესაწამლი მოწყობილობის შესაძენად 54 000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი აიღო.
შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მეწარმეებისა და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა უფრო მარტივი 2018 წლის თებერვალში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატების შემდეგ გახდა.
სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკის დასაფინანსებლად).
სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის უკვე გაცემულია 146 აგროკრედიტი, ჯამური თანხით თითქმის 3,8 მილიონი ლარი და 1 აგროლიზინგი, ჯამური თანხით თითქმის 1,5 მილიონი ლარი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.