თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისში გახოკიას ქუჩაზე მამაკაცი თხრილში ჩავარდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ადგილზე გამოძახებულმა მაშველებმა მამაკაცი თხრილიდან ამოიყვანეს. დაშავებული, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გახოკიას ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა შედეგად მიწა ჩამოიშალა. სამუშაოებს კომპანია GWP აწარმოებს.
ადგილზე იმყოფებოდა საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.
„სამაშველო სამუშაოები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკომუნიკაციო ჭაში, რომელიც წყლით იყო სავსე, GWP-ის თანამშრომელი ჩავარდა“, – განაცხადა გამგებელმა.