თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად გამოხატავს უკმაყოფილებას გზებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც, ბიზნესმენის თქმით, შუა გზაზე ძროხები მრავლდებიან.
ჭყონიას თქმით, განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა გურიის გზაზე.
„მგონი შემოვლითი გზა იმიტომ კი არ უნდა გაკეთდეს, რომ მანძილი დამოკლდეს, არამედ იმიტომ რომ ძროხებს ავცდეთ. წარმოუდგენელი რამ ხდება, გურიაში შუა გზაზე ძროხები მრავლდებიან, შეჯვარებაც იქ ხდება, დაბადებაც და წველაც“, — ციტირებს ჭყონიას გაზეთ „რეზონანსი“.
ასეთი ეგზოტიკური სანახაობა ალბათ არსად არსებობს, აღნიშნავს ქართველი ბიზნესმენი.
„ტურისტები ტრანსპორტს აჩერებენ, ჩამოდიან და ფოტოებს უღებენ, მგონი ეს საქართველოში ტურისტების მოზიდვის ახალი მიმართულება შეიძლება გახდეს", — აცხადებს თემურ ჭყონია.
ბიზნესმენის ვარაუდით, ეს პრობლემა კიდევ დიდხანს არ გამოსწორდება, რადგან ისინი, ვინც ამას ყურადღებას უნდა აქცევდნენ, ამ საკითხით საერთოდ არ ინტერესდებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, უცხოელთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ იანვარ-მაისში 2,8 მილიონს გადააჭარბა, რაც 13,6%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 799 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს 28,4%-ით აღემატება.
2017 წელს საქართველომ უცხოურ ტურიზმზე 2,75 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ეს 27%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს იყო. ამასთან საქართველოს მშპ-ში ტურიზმის წილმა 6,9% შეადგინა.