თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული პირველი შეხვედრა სინგაპურში ორმხრივი სამიტის ფარგლებში შედგა, იუწყება РИА Новости.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სასტუმრო Capella-ში გაიმართა, რომელიც კუნძულ სენტოსაზე მდებარეობს. თავიდან სახელმწიფოს ლიდერებმა მოლაპარაკებები პირისპირ გამართეს, რა დროსაც ქვეყნების დელეგაციები ერთმანეთს ეცნობოდნენ.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრის შემდეგ სამიტმა გაფართოებულ ფორმატში დაიწყო მუშაობა, რომელზეც სახელმწიფოს მეთაურებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები შეაფასეს. კერძოდ, ჩრდილოკორეელმა ლიდერმა სამიტს „პრელუდია მშვიდობისკენ" უწოდა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს „უდიდესი წარმატება" აქვს.
„მსოფლიოში ბევრი ამის შესახებ ფიქრობს როგორც ერთგვარ ფანტაზიაზე… სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიდან", — განუცხადა კიმ ჩენ ინმა ტრამპს პირისპირ შეხვედრის შემდეგ.
სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კიმ ჩენ ინმა მას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, ხოლო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „განსაკუთრებული კავშირი ვითარდება".
ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო, კიმ ჩენ ინმა კი, თავის მხრივ, დაადასტურა მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით.