თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გომბორი-თელავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ერთ-ერთი ბავშვი ავარიის დეტალებს იხსენებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გომბორის უღელტეხილზე, თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე ბავშვი იხსენებს, ავარიის დროს მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა, დავიღუპეთო.
„მძღოლი ამუხრუჭებდა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა. ყველას შეგვეშინდა. ავარიისას ერთი ბავშვი დაიღუპა და დედა მეუბნებოდა, მისკენ არ გამეხედა, ძალიან შეგვეშინდა. ორი მარშრუტკით ვიყავით. ყველა საავადმყოფოში წევს ჩემ გარდა“, — იხსენებს მოსწავლე.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 პაციენტი მოათავსეს, მათგან 12 ბავშვია. ორი პაციენტი კი — გარდაცვლილი ბავშვის დედა და 12 წლის მოზარდი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადაიყვანეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.