თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ოთხი ოპოზიციური პარტიის — „თავისუფალი საქართველოს“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“, „თავისუფლების“ და „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის“ წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და საპროკურორო საბჭოს გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
„საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი": ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ >>
წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ სხვა ოპოზიციონერები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის დროს კარგი მთავარი პროკურორის არჩევა მოხერხდება. ირაკლი შოთაძე გადადგა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოსწავლის მამის და მისი ახლობლების ზეწოლის ფონზე, რომლებმაც პროკურატურა საქმის არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულეს.
„ცხრა წლის განმავლობაში ვებრძოდით რეჟიმს. თუმცა იმ დროიდან დარჩნენ იგივე პროკურორები. ამ საქმეს იძიებენ იგივე ადამიანები, რომლებიც იმ რეჟიმს ემსახურებოდნენ. წულუკიანმა ვერ შეასრულა თავისი დანაპირები. იმ დროიდან არ შეცვლილა არცერთი პროკურორი, არცერთი მოსამართლე“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა ნინო ჯოხაძემ.
ჯოხაძე — ერთ-ერთი მათგანია, ვინც აგროვებს ხელმოწერებს მეტრო „ავლაბართან“. მისი თქმით, ამ დროისათვის წულუკიანის გადადგომის მომხრეა ათასამდე ადამიანი. ხუთშაბათს ხელმოწერებს აგროვებდნენ ჯერ მეტრო „რუსთაველთან“, მოგვიანებით პარტიების აქტივისტები განაწილდნენ ვარკეთილში, სამგორში, დიდუბესა და გლდანში.
ჯოხაძემ ასევე განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პარტიების წარმომადგენლები არ ემხრობიან აქციებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ და ვაკის პარკში იმართებოდა.
„ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ე.წ. „მესამე ძალა“, რომელიც არ ემსახურება არც „ოცნებას“, არც „ნაციონალებს“. ჩენ გვინდა ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. პროკურორის თანამდებობაზე დიდი სიამოვნებით დავუჭერდით მხარს ანა დოლიძის კანდიდატურას“, — აღნიშნა ჯოხაძემ.
16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე 2017 წლის 1 დეკემბერს უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.
რუსთაველის გამზირზე 31 მაისიდან მასშტაბური აქციების ინიციატორი გახდა მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ახლობლები. იმავე დღეს სოციალურ ქსელებში ბევრმა დაწერა, რომ ოპოზიციონერები მამაკაცის ტრაგედიით სარგებლობენ და აქეზებენ მას.
თავდაპირველად სარალიძე მოითხოვდა მთავარი პროკურორის გადადგომას, მაგრამ შოთაძის გადადგომის შემდეგ მან და მისმა მომხრეებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. თუმცაღა, უცვლელი რჩება საქმეში ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა.
სარალიძე და მისი მომხრეები ქუჩაში განაჩენის გამოცხადებისთანავე გავიდნენ. სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი. მკვლელობიდან ნახევარი წლის შემდეგ ერთი ადამიანი მსჯავრდებულია ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ მხოლოდ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება ზეწოლის მოხდენა მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე.
რაც შეეხება ვაკის პარკში გამართულ საპროტესტო აქციების ინიციატორებს, ეს არის ახალგაზრდობა, რომელის პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას გაემიჯნა.
სამშაბათიდან საპროტესტო აქციები არ ტარდება არც ვაკის პარკში, არც რუსთაველის გამზირზე, თუმცა იქ მომიტინგეების მიერ დადგმული ორი კარავი რჩება. თითოეულში რამდენიმე ადამიანი მორიგეობს.
ორშაბათს ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრმა მიიღო. შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურს ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა დაისაჯოს მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი და მათი მფარველები, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც, მისი თქმით, საქმის მნიშვნელოვანი მასალები გაანადგურეს.
იმის შესახებ, რომ დადუნაშვილის და სარალიძის მკვლელობა ბევრ ეჭვსა და კითხვას ბადებს, განაცხადა თავად პრემიერმა და ასევე ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ. მეტიც, ლომჯარიამ განაცხადა, რომ „საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი".