თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ივნისის ბოლოს გაფორმდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვებით, საქართველო და ჰონგ-კონგი ხელშეკრულებას ხელს Belt and Road-ის ფარგლებში მოაწერენ, რომელიც ჰონგ-კონგში 29 ივნისს გაიმართება.
„ეს ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას ვაჭრობისა და ინვესტიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დამატებითი ბიძგი იქნება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში სპეციალური ადმინისტრაციული ოლქია, 2017 წელს 108,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ქართული პროდუქციის ექსპორტის წილი — 6,4 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი პეკინში 2017 წლის მაისში მოეწერა, ძალაში მიმდინარე წლის 1 იანვარს შევიდა.