თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის გადაწყვეტილებით, „ქართული მარშის“ ხუთი წევრი დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ხოლო ორი წინასწარ პატიმრობაში დარჩა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
გათავისუფლებულთა შორის არიან ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ბექა რევაზიშვილი და ოლეგ დანგაძე. პატიმრობაში რჩებიან გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე უჩვეულო ფაქტი მოხდა: სადღობელაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, ლოცვისთვის უფლება მიეცა, რაზეც ვახტანგ მრელაშვილმა უპასუხა:
„ბატონო ლადო, ლოცვით ეკლესიაში უნდა ილოცოთ, ახლა სასამართლოს დარბაზში იმყოფებით და ვერ მოგცემთ ლოცვის უფლებას“.
აღსანიშნავია ისიც, რომ პატიმრობაში დატოვებული გიორგი ონიანი მოსამართლეს სთხოვდა, გაეთავისუფლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვენების გადაჭრით იმუქრებოდა.
„ქართული მარშის“ წევრები „რუსთავი 2-ის“ წამყვან გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავეს, რომლებიც ჟურნალისტის მიერ ნათქვამმა გააღიზიანა.
გაბუნიამ განაცხადა, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. ის 2-3 წლის შემდეგ უნდა მოსულიყო აჭარაში, სადაც „ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი".