ბორჯომის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბორჯომში, ჩარხისწყლის აგრარულ ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობის პირველი სართული დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი".

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, რის შედეგადაც განადგურებულია ინფრასტრუქტურა და დამწვარია ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის, საკვები პროდუქტი და ტანსაცმელი.

მეხანძრეები - Sputnik საქართველო
ხანძარი სამეგრელოში: მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის დარაჯმა შენიშნა, რომელმაც სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახა. ვარაუდობენ, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

„თითქმის მთლიანად დამწვარია პირველი სართული, აღარაფერი გადარჩება, დამტვრეულია კარ-ფანჯარა. ზიანი, ერთი შეხედვით დიდია, მაგრამ ვის რა გაუნადგურდა, ამას ნელ-ნელა გავარკვევ", — განაცხადა ბაზრის დირექტორმა გია მელიქიძემ.

ამ ეტაპზე ზარალის ოდენობაზე ვერ საუბრობს ბორჯომის მერი ლევან ლიპარტიაც.

„არავინ დაშავებულა. რამდენი კვადრატულია, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 12 დახლია დამწვარი", – განაცხადა ლიპარტიამ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ("ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით"), რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0