თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების 34 მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად დამატებითი რეისები შესრულდება, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში უკვე მეორე დღეა მეტროს 23-ვე სადგური დაკეტილია, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია — გაუსაძლისი საცობები გზებზე, ტაქსის გასამმაგებული ფასები და მგზავრებით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის გამო მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან.
„მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ასევე დამატებულია ავტობუსების დროებითი რეისებიც, თუმცა მგზავრთა დიდი ნაკადის გამო მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.
მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილით გაიფიცნენ. ისინი აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ. აქციის ორგანიზატორი მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირები „ერთობა 2013"-ია. პროფკავშირების მონაცემებით, გაფიცვაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობს, მათგან 140-მა შიმშილობა დაიწყო.
მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 45%-ით მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა. მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათას ლარს აღემატება, მემანქანის — 1,8 ათას ლარზე მეტს, თუმცა თავად მემანქანეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
თბილისის მერი კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს გუშინ ორჯერ შეხვდა, თუმცა ორივე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013" წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6,3 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 240 ადამიანი მეტროს მემანქანეა.