წელს საქართველომ ექსპორტზე 31,5 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა

გამოწერა
ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება — საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2018 წლის იანვარ-მაისში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქართული ღვინო, ტკბილეული და ხილი - Sputnik საქართველო
საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ექსპორტზე სულ 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიტანა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამ პერიოდში ქვეყანამ მსოფლიოს 46 ქვეყანაში გაიტანა 75,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით მეტია.

ქართული ღვინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (20,4 მლნ ბოთლი), უკრაინა (3,1 მლნ ბოთლი), ჩინეთი (2,3 მლნ ბოთლი), ყაზახეთი (1,3 მლნ ბოთლი) და პოლონეთი (1,3 მლნ ბოთლი).

ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება — საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა იაპონიაში 186%-ით, დიდ ბრიტანეთში — 109%-ით, ჩეხეთში — 87%-ით, გერმანიაში — 51%-ით და სხვ.

გასაღების ბაზრების გეოგრაფია იზრდება: ვინ ყიდულობს ქართულ პროდუქციას>>>

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 134 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 123,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0