თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. კახეთის სამ რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლები დაშალეს და ატმოსფერული პროცესების განეიტრალება მაქსიმალურად შეძლეს.
სეტყვასაშიში ღრუბლები კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთიდან ორაბათს, საღამოს გამოჩნდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში 150 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობი დამუშავდა, რითიც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა თავიდან სრულად იქნა აცილებული, ნათქვამია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
20:35-დან 21:00 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა, გასროლილ იქნა რამდენიმე ათეული რაკეტა, რის შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.