თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ადვოკატ ინგა არახამიას, რომელიც ერთ-ერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტია, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადვოკატის განცხადებით, ინციდენტის დროს ის სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა. მან სროლის ხმა გაიგო და ფანჯრის რაფაზე ნატყვიარი შენიშნა.
ინგა არახამია ვარაუდით, მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება.
ინგა არახამია არის ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი მეუღლის, რივერა ბენდელიანის ადვოკატი. მათ და ასევე მითაიშვილის შვილის ძიძას მითაიშვილის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების გამო საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წაუყენა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.