თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია, იუწყება „ტვ პირველი“.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადამიანების რაოდენობა 5000-მდე გაიზარდა. ისინი გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. რამდენიმე ადამიანი პოლიციის მანქანებში ჩასვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
აქციაზე გრძელდება გამოსვლები. აქციის მონაწილეებს უკავიათ პლაკატები წარწერებით „ ნუ მოკლავ“, „დაისაჯონ მკვლელები“, „აღსრულდეს სამართალი“, „ზაზა, გამაგრდი“.
აქცია გრძელდება. მომიტინგეების სამოქმედო გეგმები ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე ზაზა სარალიძე ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე ადამიანმა წაუყენა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მან მხარდაჭერა პოლიტიკოსებს სთხოვა, მას არ დაუმალავს გულდაწყვეტა და აქცია დატოვა.
აქციის ორგანიზატორები სარალიძეს ვერ უკავშირდებიან, თუმცა ირწმუნებიან, რომ ის პარლამენტის შენობასთან მაინც მივა. აქციაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მას ემუქრება საფრთხე. ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.
ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა განცხადება, რომ ზაზა სარალიძე უსაფრთხოდ არის და მასთან კავშირზე გამოდის. კითხვაზე, აპირებს თუ არა ის აქციაზე მისვლას, ლომჯარიამ პასუხი ვერ გასცა. მისი თქმით, ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და დასვენება სჭირდება. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
ზაზა სარალიძემ პროტესტის რადიკალურ ზომას — ქუჩის აქციებს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. მკვლელობაში ბრალდებულ პირს სასჯელი მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის, რადგან პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ მან მოკლა დავით სარალიძე.
სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ჩინოსნებმა და გამომძიებლებმა მომხდარის რეალური დეტალები დამალეს და მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდნენ.