თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი მარია ჰერეროს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ანა ყიფიანი Facebook–გვერდზე ავრცელებს.
ანას უახლოეს გეგმებშია სოლო კონცერტი ფესტივალზე Lille Piano Festival საფრანგეთში, სადაც პიანისტი შეასრულებს ბეთჰოვენის, შუმანის, ლისტისა და ლაღიძის ნაწარმოებებს.
ამჟამად ანა ლონდონში ცხოვრობს და სამეფო მუსიკალურ კოლეჯში – ბრიტანეთის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლო დაწესებულებაში სწავლობს, რომელიც 1882 წელს დაარსდა. მანამდე ანამ პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა (ცნობილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ელისო ვირსალაძის კლასი).
ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელია და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორიცაა ვლადიმირ კრაინევის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი და მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი.
ქართველი პიანისტი უკვე გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ არენაზე, მათ შორის, ამსტერდამის სამეფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიდერლანდებში. ყიფიანმა ასევე დაუკრა ლიტვაში ვილნიუსის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით.