თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისში წუხელ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, იუწყება „რადიო თავისუფლება“.
რადიოს ინფორმაციით, 31 მაისს, გვიან ღამით, ფედერაციის თანამშრომლებმა სპორტსმენებს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ერთი ადამიანი, ხოლო სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ლომერ ჟორჟოლიანიც, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ამჟამად კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა ვეტერანი ძიუდოისტი და ამ ფაქტს ათობით თვითმხილველი ჰყავს. მათ შორის, პატრულის თანამშრომლებიც.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონფლიქტის ადგილზე ინციდენტისას ასევე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც, რომელმაც შემთხვევის შემდეგ სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.