Автандилович!... ნუ გაგიკვირდება, კიდევ დათვალეს...

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თუ მანიპულაცია საზოგადოებრივი აზრით... რა შეიცვალა ერთი თვის შემდეგ, რა არის ახალი და კარგად დავიწყებული ძველი, რეალობა ციფრებში თუ რეალობას აცდენილი ციფრები?

არასრული ერთი თვის წინათ, ვარდობისთვის პირველ რიცხვებში, პატივცემულ მკითხველებს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გავაცანი და თანაც ჩემეული პასუხები გავეცი კითხვებზე — ვინ რას ფიქრობს და რატომ, ახალი რა იკითხება ციფრებს მიღმა და რაზე მიანიშნებენ კვლევის ავტორები? დავასკვენი, რომ ციფრების ცვალებადობის მიუხედავად, შინაარსი და ტენდენცია წლიდან წლამდე  უცვლელია… მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, არც რაიმე განსაკუთრებული მომხდარა ჩვენში ისეთი, რაც საზოგადოების „დახვეწილ“ პოლიტიკურ გემოვნებას, ამა თუ იმ მოვლენისა და საკითხისადმი დამოკიდებულებას შეცვლიდა. არადა ცვლილება არის!

ერთი თვის წინათ, მოწონების თითქმის თანაბარი მაჩვენებლით, პოლიტიკოსთა რეიტინგის სათავეში პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე იყვნენ. ახლა სხვა რეალობაა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით, პოლიტიკოსთა პირველ ათეულს, უმნიშვნელო სხვაობით, თუმცა  ერთპიროვნულად, დავით ბაქრაძე, ლიდერობს. რატომ? ჩვენებურებისას რას გაიგებ ჩემო შუქრი… კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ისე, ეტყობა მოკლეა საზოგადოების მეხსიერება…

სხვისი არ ვიცი, მე კი კარგად მახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მოგვიწოდებდა დანებითა და ჩანგლებით დაგვეცვა თავი. ყველა ქვეყანაში, სადაც საზოგადოება პოლიტიკური კულტურით მეტ-ნაკლებად გამოირჩევა, ამგვარი განცხადების შემდეგ პოლიტიკოსი სამუდამოდ თუ არა დროის ხანგრძლივი პერიოდით მაინც მიიღებდა დისკვალიფიკაციას… რა ხდება ჩვენში? არა, აქ სხვაგვარად არის! ეგება მე ვცდები, როცა ამნეზიაზე მივანიშნებ და შესაძლოა მისი უდიდებულესობა ჩვენი ელექტორატის მიტევების ხარისხი, გაცილებით მაღალია.

NDI ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
განცდები ციფრებში... ანუ ვინ რას ფიქრობს და რატომ?

პოლიტიკოსთა რეიტინგში მომდევნო პოზიციები გიორგი მარგველაშვილს, კახა კალაძეს, დავით სერგეენკოს და გიორგი კვირიკაშვილს უკავიათ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, პირველ სამეულში სურათი კვლავაც უცვლელია — „ქართული ოცნება“ 27 პროცენტით ლიდერობს, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს „ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს, მესამე პოზიციაზე „ევროპული საქართველოა“…

კვლევის შედეგებით, გაირკვა ის პოლიტიკური პარტიებიც, რომელთაც ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას. ათეულს მმართველი პარტია ლიდერობს, მეორე ადგილი აქაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია, მესამე „საპატიო“ პოზიციაზე კი „ევროპული საქართველო“ ჩაანაცვლა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“…

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ტრადიციას არ ღალატობენ და კვლევის შედეგებს არც ამჯერად ენდობიან. მათი შეფასებით, კვლევა გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ სურვილებს უფრო გამოხატავს და აცდენილია რეალობას. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ორივე ბანაკი კმაყოფილია. „ნაციონალური მოძრაობა“ მეორეა, რაც მისთვის ახლა სასიცოცხლოდ არსებითია. „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე კი პოლიტიკოსთა რეიტინგს ლიდერობს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე გვყავს მმართველი გუნდი, რომელიც ლიდერობს, მაგრამ ვერ ასხივებს და წარსულის „დიდებით“ დამძიმებული პარტიები…

ტრიბუნა გამოსვლებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
რომელი პოლიტიკოსის მიმართ არიან ყველაზე დადებითად განწყობილი საქართველოში – გამოკითხვა

კიდევ რა გითხრათ, სიხარულის მონიჭებაზე არ მაქვს პრეტენზია… ან როგორ შეიძლება მქონდეს, როცა რესპოდენტთა 67 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ისღა მაიმედებს, რომ სავარაუდოდ, ყოველმა მათგანმა იცის რა არის ეს სწორი მიმართულება და თუ თავად ვერ ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები, ადრე თუ გვიან სხვასვ მაინც უკარნახებს. მანამდე კი ირკვევა, რომ მკვეთრად შემცირდა სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ნდობა. მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს  გამოკითხულთა მხოლოდ 34 პროცენტი. დავსძენ, რომ ეს ისტორიული ანტირეკორდია. ამაზე დაბალი მაჩვენებელი 2003 წლის მაისში დაფიქსირდა, როცა მთავრობის საქმიანობას დადებითად 17 პროცენტი აფასებდა. პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობაც რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, 34 პროცენტი, ეს კვლევების ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ნდობა შემცირდა პრეზიდენტის, პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, პოლიციის, პროკურატურის მიმართ… საზოგადოების ნდობა გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიმართ — ეს მაჩვენებელი 43 პროცენტის ფარგლებშია.

პოლიტიკოსების, სახელისუფლებო სტრუქტურებისა თუ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასა და ნდობის ხარისხს, მეტწილად, სოციალურ-ეკონომიკური პირობები აყალიბებს. კვლევის შედეგებით, ირკვევა, რომ გასული თორმეტი თვის განმავლობაში რესპონდენტთა 63 პროცენტის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, 35 პროცენტი ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. დაბალი ხელფასები და პენსიები, ეკონომიკური მდგომარეობა ასევე ჩამონათვალშია. ხელისუფლების ყველაზე დიდ მარცხად, რესპოდენტთა მეოთხედი შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებს. ჯანდაცვის სისტემა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და სიტყვის თავისუფლება, — ასეთია ყველაზე დიდი მიღწევების სამეული. კვლევის შედეგებში ჭარბვალიანობის პრობლემაც აისახა. უცხო არ არის, რომ საბანკო ვალდებულებებით გაღარიბებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, კომერციული ბანკების სასესხო პოლიტიკას ეროვნული ბანკის შემოქმედებად მიიჩნევს. შესაძლოა ამიტომ და კიდევ ეროვნული ვალუტის „თავისუფალი სტილით“ დაუსრულებელი ცურვის გამო, გამოკითხულთა 67 პროცენტი ქვეყნის მთავარი ბანკის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

ტრიბუნა გამოსვლებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
რომელი პოლიტიკოსის მიმართ არიან ყველაზე დადებითად განწყობილი საქართველოში – გამოკითხვა

ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს… ანუ ერთი ყველას სახელით! ასეთი რამ კი ჩვენში იშვიათად ხდება და როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მერე იმ „ერთს“ ის „ყველა“ უბრალოდ აღარ ახსოვს! არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი კვლევის სწორედ ამ კონკრეტულ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას. მათი აზრით, დადასტურდა, რომ აუცილებელია საერთო ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბარი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ საგანგაშოა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ასევე აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის გაერთიანება და საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც უნდა დაამარცხოს ხელისუფლება…

ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. რესპოდენტთა 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ პროდასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული უნდა იყოს, 50 პროცენტის აზრით კი პროდასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული. რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია — 76 პროცენტი, თუმცა 2017 წლის აპრილის შემდეგ ის 6 პროცენტით შემცირდა. ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის მომხრეა გამოკითხულთა ზუსტად ნახევარი, ხოლო ევროკავშირში ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს რესპოდენტთა 60 პროცენტი… ასეთია კვლევის ძირითადი პარამეტრები და ტენდენციები… ვნახოთ ვინ რას დაითვლის მომავალში…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0