თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
„გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს“, — განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავჯდომარის თქმით, შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გამოძიების ხელახლა ჩატარებასა და დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვენ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.