ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი იწყება

© FB / Kakha Kaladze Officialკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი 170 ოჯახს შეეხება.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ პროექტი პირველ ეტაპზე ვარკეთილს შეეხება.

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას კალაძემ პირობა დადო, რომ თბილისის მერის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში „ხრუშჩოვკებს" ეტაპობრივად ჩაანაცვლებდნენ თანამედროვე შენობებით.

„როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდეს, ყველაფერი არის შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერის განმარტებით, მერია ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე 30 205 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით აცხადებს კონკურსს ინტერესთა გამოხატვაზე და იწვევს კერძო სექტორს.

კონკურსში გამარჯვებული აღნიშნულ პროექტს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად განახორციელებს და გარკვეული რაოდენობის ფართებს მუნიციპალიტეტს გადასცემს.

როგორც კალაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე სრულად ჩანაცვლდება ვარკეთილის მე-3 მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსი. გარდა ამისა, მოსახლეობას გაიყვანენ ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსებიდანაც.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა, თანამედროვე, ევროპული ტიპის საცხოვრებელი ფართები მიიღონ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელიც არის წარმოდგენილი. მათ ამის შემდეგ ექნებათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. პირველ ეტაპზე საუბარია 170 ოჯახზე, თუმცა ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, პროცესი ცოცხალია და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტი“, – აღნიშნა კალაძემ.

1960-იან წლებში აშენებული „ხრუშჩოვკების“ მინუსი, გარდა იმისა, რომ მათი ექსპლუატაციის 50-წლიანი ვადა უკვე გასულია, არის აგრეთვე მინიმალური საცხოვრებელი ფართი და დაბალი ჭერი. ამ დროისთვის დედაქალაქში დაახლოებით 700 ასეთი შენობაა. 

ყველა ახალი ამბავი
0