თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში.
„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ ცნეს, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა გადაკვალიფიცირება მუხლის 19-109-ს მიმართულებით“, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა.
სარალიძის ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა. ისინი ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ პროკურატურასთან. ამ გადაწყვეტილებით ასევე უკმაყოფილოა მეორე მოკლულის ლევან დადუნაშვილის ოჯახი. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ. დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულს მაქსიმუმ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ამასთან, ჩაინიშნება სასამართლოს მორიგი სხდომა, სადაც მოზარდებს სასჯელის ვადა განესაზღვრებათ, რადგან არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე სასჯელის განსაზღვრის მიზნით დამატებითი სხდომა უნდა დაინიშნოს.
იმის გამო, რომ ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია, სასჯელის მაქსიმალური ზომა 12-წლიანი პატიმრობა იქნება.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.