თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო სტაბილური ხდება — 2018 წლის აპრილში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის აპრილში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5% შეადგინა, ხოლო პირველ ოთხ თვეში — 5,5%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„ეს სწორედ ის შედეგია, რომლისკენაც მივდივართ და 6,5% ზრდა აპრილში სასიხარულოა", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე ისაუბრა — იანვარში ზრდა შეადგენდა 4,4%-ს, თებერვალში — 5,5%-ს, მარტში — 5,6%-ს, ხოლო აპრილში — 6,5%-ს.
„ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების ბრუნვის 15%-იანმა ზრდამ, ხოლო ახალი საწარმოების რიცხვმა 4 037 შეადგინა.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ექსპორტი და შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან — აპრილში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 27,5 პროცენტით (51.6 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 238,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", — აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელი აპრილში 16,7%-ით გაიზარდა და 105,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ასევე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდაზე.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდისკენ. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმები, მათ შორის, საკრედიტო–საგარანტიო ფონდის შექმნასთან მიმართებით, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე ხდება უფრო სტაბილური, ამტანი შოკების მიმართ და, შესაბამისად, სულ უფრო და უფრო იზრდება საერთაშორისო ინვესტორების ნდობა.