თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოპულარულ ქართველ მომღერალს გიორგი ხუციშვილს თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, აღნიშნულია საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებაში Facebook-გვერდზე.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მომღერალს მხარი მთელი საღამოს განმავლობაში დაუჭირა.
ვარსკვლავის გახსნამდე გაიმართა ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელზეც გამოვიდნენ დავით ევგენიძე, ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ლიზა ბაგრატიონი, თამარ ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი.
კონცერტის განმავლობაში მსმენელს შეეძლო აუდიო-ფილმის მოსმენა, რომელშიც მომღერალი თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საუბრობს.
გიორგი ხუციშვილმა მსმენელს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვარსკვლავი მისი თაობის ყველა შემსრულებელს ეკუთვნის.
გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზებაში. განსაკუთრებით შეიყვარა ხალხმა მის მიერ შესრულებული კომპოზიციები „აყვავდება როცა ნუში" (ნატო გელაშვილთან ერთად), „ნეტავ მართლა გყვარებოდი", „მზე ჩადის და მზე ამოდის" და სხვა.
ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხუციშვილი გასულ წელს თბილისის საკრებულომ დააჯილდოვა.