მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თვეში 180-ლარიან დახმარებას მიიღებენ

© FB / Giorgi Margvelashviliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახმარების მიღება გავლენას არ იქონიებს სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) სტატუსზე.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს 2018 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად პენსიასთან ერთად, სოციალური დახმარების სახით, 180 ლარი მიეცემათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილების თანახმად, ომის ვეტერანებზე დახმარებებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ, თანხა კი ჩაირიცხება იმავე საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშზე, სადაც ვეტერანებს პენსიები ერიცხებათ.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან - Sputnik საქართველო
„ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ“ – პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

სოციალური დახმარების დანიშვნა და გაცემა განხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, რის გამოც ვეტერანებს სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა არ დასჭირდებათ. 

ამასთან, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, დახმარების მიღება გავლენას არ იქონიებს სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) სტატუსზე და საარსებო შემწეობის შეწყვეტისა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადასინჯვის საფუძველი არ გახდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილება 30 მაისს გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“ და 2018 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 მონაწილე ცხოვრობს. მათი პენსია 180 ლარია, ამასთან ერთად კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 44 ლარი ემატებათ.

ყველა ახალი ამბავი
0