თუშეთის საშიში გზა: მდინარე ალაზანში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა ჩაიშალა და მძღოლი წყალში გადავარდა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მაშველებმა თუშეთში, მდინარე ალაზანში ავტომობილით გადავარდნილი 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ქართული მასმედია.

შემთხვევა გუშინ ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე მოხდა, სადაც შვიდ მაისს კლდოვანი მასა ჩამოიშალა, გზა გადაიკეტა და წყალი დაგუბდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია „გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა. იგი კომპანიაში მძღოლად მუშაობდა.

მაშველებს დაღუპული გიგა ტყემალაძის ცხედარი ამოჰყავთ - Sputnik საქართველო
ტრაგედია ნადირობისას: ახმეტაში მაშველებმა ხრამიდან 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ახმეტის მერის იოსებ თარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა ჩაიშალა და მძღოლი წყალში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მყვინთავებმა 10 მეტრი სიღრმის წყალში ცხედრის სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განაახლეს. ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოწვია").

თუშეთის გზაზე მეწყერი განმეორებით 22 მაისს ჩამოწვა. გზაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ თვეებში უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0