თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საღეჭი რეზინი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, კერძოდ, ის ხელს უწყობს გახდომას, თუ ადამიანი სიარულის დროს ღეჭავს კევს, აცხადებენ ტოკიოს ვასედას უნივერსტეტის მეცნიერები.
კვლევა, სახელწოდებით „საღეჭი რეზინის გავლენა ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე“, ავსტრიის სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს, რომელიც ჭარბცხიმიანობასთან ბრძოლას ეძღვნებოდა. ის ასევე გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Physical Therapy Science.
სპეციალისტებმა ექსპერიმენტის ჩასატარებლად 21-დან 69 წლამდე ასაკის 46 მამაკაცი და ქალი მიიწვის, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფის წევრებს დღეში ორ-ორ საღეჭ რეზინს აძლევდნენ (თითოეული 3 კკლ), რომელიც მათთვის ჩვეული ტემპით მოძრაობისას უნდა ეღეჭათ 15 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე, საკონტროლო ჯგუფს იგივე ინგრედიენტებისგან შემდგარი ფხვნილი დაუნიშნეს. ორივე ჯგუფს ერთსაათიანი დასვენების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში უნდა ევლო.
მკვლევარები ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს უზომავდნენ გულის შეკუმშვის სიხშირეს (როგორც მოძრაობის, ისე დასვენების დროს), ასევე ითვლიდნენ მათ მიერ გავლილ მანძილსა და დახარჯულ ენერგიას.
გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის წევრებს გულის შეკუმშვის სიხშირე ორჯერ მაღალი ჰქონდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს. ყველაზე მეტი ეფექტი ასაკოვან ადამიანებში დაფიქსირდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ფიზიკური ვარჯიშებისა და კევის ღეჭვის კომბინირებით წონის ეფექტურად კონტროლია შესაძლებელი.
მეთოდოლოგიური შეზღუდვებიდან გამომდინარე, სწავლულებმა ვერ მოახერხეს საღეჭი მოძრაობების ზუსტი რაოდენობის დათვლა. მათი თქმით, მომავალ კვლევებში აუცილებლად მოუწევთ ამ ფაქტორის გათვალისწინება, რათა მაჩვენებლები კიდევ უფრო ზუსტად გაზომონ.