თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ახმეტის ჭიდაობის სპორტული სკოლის დირექტორს, მამუკა აბრამიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსკოლის დირექტორს რამდენიმე პირმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები და გულშემატკივრები ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას რამდენიმე კვირაა მართავენ. ქართველი ძიუდოისტების პროტესტი თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას უკავშირდება. ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
როგორც ცნობილი გახდა, მამუკა აბრამიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობის კურსი უტარდება.
ვინ გადაწონის – ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი თუ ფედერაციის პრეზიდენტი>>>
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპორტსკოლის დირექტორის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.