თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ რუსთაველის გამზირზე საქველმოქმედო კუთხე წარმოადგინა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
დამოუკიდებლობის აღდგენიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ბრენდირებული პროდუქცია დაამზადა. პროდუქცია მეოცე საუკუნის პირველ პერიოდთან დაკავშირებული საინტერესო ესკიზებით და საარქივო მასალით არის გაფორმებული.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას და დიაგნოსტირებას.
სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.
„ერისიონი“ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს >>
ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.