თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართულ ენაში დღეიდან ოფიციალურად მკვიდრდება ლიტვის ავთენტური დასახელება — ლიეტუვა (Lietuva), ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
უწყების განმარტებით, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გასცა ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელების შემოღება არის საპასუხი ნაბიჯი იმ მეგობრულ ჟესტზე, რომელიც მიმდინარე წლის 3 მაისს განხორციელდა ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, როდესაც ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება დამკვიდრდა.
„როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 26 მაისს, საქართველოს ესტუმრება და მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში.
საქართველოსა და ლიტვას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში. საქართველოს და ლიტვას შორის საქონელბრუნვამ გასულ წელს 80,6 მლნ დოლარს გადააჭარბა.